კოლექტიური უსაფრთხოების
შეთანხმების ორგანიზაციის (ОДКБ) ფარგლებში დაგეგმილი ოპერატიული რეაგირების კოლექტიური ძალების წვრთნები
სომხეთის ტერიტორიაზე 3-8 სექტემბერს გაიმართება - იუწყება „ნოვოსტი-არმენია“.
ОДКБ-ს გენერალური მდივანი ნიკოლაი ბორდიუჟა წვრთნების
დეტალების შესათანხმებლად ერევანში ჩავიდა, სადაც სომხეთის პრეზიდენტსა და
უშიშროების საბჭოს მდივანს შეხვდა.
ბორდიუჟამ
სერჟ სარქისიანს წვრთნების სამზადისის შესახებ უამბო. სწავლების თემაა „ოპერატიული
რეაგირების კოლექტიური ძალებისა და კოლექტიური უსაფრთხოების სისტემების გამოყენება
კავკასიის რეგიონში“. მთელ ამ პროცესს სომხეთის თავდაცვის მინისტრი
ხელმძღვანელობს.
ოპერატიული
რეაგირების კოლექტიური ძალები გამოყენებულ უნდა იქნას სამხედრო აგრესიის
მოსაგერიებლად, საერთაშორისო ტერორიზმთან, ტრანსნაციონალური ორგანიზებულ
დანაშაულთან, ნარკოტრაფიკთან საბრძოლველად, ასევე საგანგებო სიტუაციების შედეგების
ლიკვიდაციისთვის. მისი სამხედრო
კომპონენტი შედგება შენაერთებისა და დანაყოფებისგან, რომლებიც მუდმივ საბრძოლო
მზადყოფნაში არიან.
ОДКБ-ს ოპერატიული
რეაგირების კოლექტიური ძალების პირადი შემადგენლობა 20 ათას ადამიანს ითვლის,
საიდანაც ნახევარი რუსი სამხედრო მოსამსახურეები არიან. თავად ორგანიზაციაში
გაწევრიანებულია რუსეთი, სომხეთი, ბელორუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი.
internet.ge