რუსეთის სამხედრო
თვითმფრინავები, რომლებსაც ატომური იარაღის გადატანა შეუძლიათ, ნატოს საჰაერო
სივრცეს არღვევენ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გამანადგურებლები კი მზად არიან
ცაში აფრინდნენ, რათა რუსული თვითმფრინავები რუსეთში დააბრუნონ.
ასეთი სიტუაცია უკვე
შეიქმნა 17 ივლისს, როცა რუსულმა ტუ-22-ების ესკადრილიამ ლიტვის საჰაერო სივრცე
დაარღვია, რაზეც ლიტვის თავდაცვის სამინისტრომ მოსკოვს ნოტაც გაუგზავნა და
განმარტა, რომ რუსული თვითმფრინავების საპასუხოდ ცაში აფრინდნენ პოლონური
თვითმფრინავები, რომლებიც ლიტვაში ნატოს მისიით იმყოფებიან.
რუსეთის თავდაცვის
სამინისტრომ აღნიშნული ფაქტი არ უარყო და დაადასტურა, რომ სამხედრო ფლოტის ოთხი
თვითმფრინავი თავისი საჰაერო სივრცის გარეთ - ბალტიის ზღვისა და შავი ზღვის
რაიონებში გაგზავნა, რათა პილოტების გამოცდილება კიდევ ერთხელ შეემოწმებინა. თუმცა
მოსკოვი დასძენს, რომ მათ არ დაურღვევიათ არავის საჰაერო სივრცე და ფრენა
ნეიტრალურ ტერიტორიაზე განხორციელდა.
ლიტვის თავდაცვის
სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ მოსკოვი ნატოს
პროვოცირებას ახდენს, რამდენადაც მსგავსი ფრენები და ნატოს საჰაერო სივრცის
დარღვევა რუსული თვითმფრინავების მხრიდან უკვე საკმაოდ გახშირდა და თითქმის
ყოველკვირეულად ხდება.
Internet.ge