რუსეთის ფინანსთა სამინისტრო და ფედერალური საგადასახადო სამსახური
მასშტაბურ შემოწმებას ატარებს იმ რუსულ კომპანიებში, რომლებიც მობილიზაციის
პროგრამაში მონაწილეობის სანაცვლოდ, ბიუჯეტში გადახდილი გადასახადების უკან
დაბრუნებას მოითხოვენ.
უკვე შემოწმებულია 65 ობიექტი, რის შედეგადაც გაირკვა, რომ ამ
კომპანიებს არაფერი აქვთ საერთო მობილიზაციასთან და შეღავათების მიღების მიზნით,
უბრალოდ, იტყუებიან.
სამობილიზაციო მომზადება შეიღარებული ძალებისა და სახელმწიფო ინფრასტრუქტურის
სამხედრო რეჟიმზე გადაყვანას ნიშნავს, ამ გეგმას კი რუსეთის პრეზიდენტი ამტკიცებს.
მშვიდობიან პერიოდში სამობილიზაციო სიმძლავრეები შეიძლება გამოყენებულ
იქნას ნაწილობრივ, ან მათი კონსერვაცია უნდა მოხდეს, თუმცა მთელი აღჭურვილობა
ომისათვის სრულ მზადყოფნაში უნდა იყოს.
კომპანიები, რომლებიც ამ მიზნებს ემსახურებიან, სარგებლობენ უფლებით,
უკან დაიბრუნონ ბიუჯეტში გადახდილი ფული.
ყოველწლიურად, სამობილიზაციო მომზადების პროგრამაში მონაწილე თითქმის
2000 კომპანია ითხოვს ფულის უკან დაბრუნებას. ამ დროისათვის შეამოწმეს
ენერგეტიკული სექტორი და კომპანიებს 2,4 მილიარდი რუბლის უკან დაბრუნებაზე უარი უთხრეს.
აღმოჩნდა, რომ სამობილიზაციო საშუალებებს, კომპანიები, მოგების
მისაღებად, ჩვეულებრივ რეჟიმში ამუშავებდნენ.
საგადასახადო შეღავათების მიღების სურვილი კი იმ რუსულ ფიჭურ
ოპერატორებსაც აქვთ, რომლებმაც, სამობილიზაციო გეგმის თანახმად, ომის შემთხვევაში
აბონენტებს საყოველთაო მობილიზაციის შესახებ SMS-შეტყობინებები უნდა
დაუგზავნონ, თუმცა შეტყობინების რაიმე განსაკუთრებული სისტემა არ გააჩნიათ და ამას
იმავე საშუალებებით აკეთებენ, რითაც ჩვეულებრივ აბონენტებს ემსახურებიან.
Internet.ge