პოსტნიკოვი: „კავკაზ 2012“-ს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განთავსებული რუსული ქვედანაყოფები გამოეთიშნენ
„იმისათვის, რომ
გამოვრიცხოთ დამატებითი დაძაბულობა ჩვენს ზოგიერთ მეზობელთან ურთიერთობაში,
სამხედრო სწავლების მონაწილეებს შორის აღარ იქნებიან სომხეთის, სამხრეთ ოსეთისა და
აფხაზეთის სამხედრო ბაზების ქვედანაყოფები. მონაწილეთა შორის არ არიან სხვა
სახელმწიფოების წარმომადგენლები. თავისთავად, „კავკაზ 2012“ მხოლოდ რუსეთის
ტერიტორიაზე ჩატარდება,“ - განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთის გენშტაბის
უფროსის მოადგილემ ალექსანდრ პოსტნიკოვმა.
მისი თქმით, წრთვნებში
მონაწილეობას მიიღებს 8 ათასი სამხედრო მოსამსახურე, თუმცა ეს სხვა ქვეყნებს
საფრთხეს არ შეუქმნის.
„სწავლება არ იქნება
ფართომასშტაბიანი. მასში 8 ათასი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, დაახლოებით, 200
ერთეული სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო შეიარაღება, 100 ერთეული საარტილერიო
დანადგარი, 10-მდე გემი და კატერი, ავიაცია კი 80-მდე გაფრენას განახორციელებს“ -
განაცხადა მან და დასძინა, რომ „ამ სწავლების მიმართულება არ წარმოადგენს საფრთხეს
სხვა ქვეყნებისა და სამხედრო-პოლიტიკური ბლოკებისთვის“.
პოსტნიკოვის თქმითვე,
სამხედრო სწავლება „კავკაზ 2012“-ის დროს მოხდება
საბრძოლო გასროლები ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსებიდან -
„ისკანდერებიდან“.
Internet.ge