ორშაბათს, 10 სექტემბერს გამოქვეყნებულ ახალ მსოფლიო რეიტინგში ანა
ტატიშვილი 52-ე საფეხურზეა, რაც 17 პოზიციით აღემატება ქართველი ჩოგბურთელის წინა რეკორდს.
ტატიშვილმა წარმატებით იასპარეზა ახლახანს დასრულებულ აშშ-ს ღია პირველობაზე, იქ სამი მოწინააღმდეგე დაამარცხა და მერვედფინალამდე მივიდა, ანუ ბოლო 16 მონაწილეს შორის მოხვდა, რაც 22 წლის ქართველის კარიერაში საუკეთესო მიღწევაა დიდი სლემის კატეგორიის სუპერტურნირებზე.
იგი მერვედფინალში დამარცხდა მსოფლიოს პირველ ჩოგანთან, ბელარუს ვიკტორია აზარენკასთან, რომელიც შემდეგ ფინალამდე მივიდა.
ტატიშვილმა მერვედფინალში 2 სექტემბერს ითამაშა, თუმცა ნიუ-იორკში მისი წარმატება რეიტინგზე მხოლოდ ახლა აისახა, რადგან რეიტინგი ტრადიციულად განახლდა ორშაბათს, ტურნირის დასრულების შემდეგ.
აღსანიშნავია, რომ აზარენკამ ფინალში წაგების მიუხედავად შეინარჩუნა პირველი ჩოგანი, ჩემპიონი სერენა კი მეოთხე ადგილზე დარჩა. მანამდე მეორე და მესამე ჩოგნებმა, მარია შარაპოვამ და აგნეშკა რადვანსკამ ერთმანეთში გაცვალეს პოზიციები.
internet.ge