საქართველოს ნაკრების მეტოქე მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე დღეს ფინეთის ნაკრები იქნება - - თემურ ქეცბაიას გუნდი თბილისის დროით 19.30 საათზე ცივი ჰელსინკის “ოლიმპიასტადიონზე” დადებითი შედეგის მიღწევას და ქულის ან ქულების აღებას შეეცდება.
„კარგია, რომ ფინეთში მატჩამდე 4 დღით ადრე ჩამოვედით და შეკრება აქ გავიარეთ. ჩვენი გუნდი კარგად მოემზადა; ბიჭებიც კარგ ფორმაში და კარგ განწყობაზე არიან. რაც მთავარია, უპირველესად, ყველას ძალიან გვინდა, რომ ჩვენი ქომაგები გავახაროთ.
ჩვენ ვნახეთ და გავარჩიეთ ფინეთის თამაში. საკმაოდ ბრძოლისუნარიანი გუნდია. ეს პირველ თამაშშიც დაამტკიცეს, როცა საფრანგეთის ნაკრებს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს. რადგან მათ წაგება აქვთ, აუცილებლად შეეცდებიან, რომ წარმატებას ჩვენთან მიაღწიონ. ვფიქრობ, უპირატესობა მაინც მათ მხარესაა, რადგან საკუთარ კედლებში თამაშობენ.
მიუხედავად ყველაფრისა, ვფიქრობ, ბიჭები ყველაფერს ჩადებენ, რომ თამაში მეტოქის სურვილის საპირისპიროდ დაასრულონ. ჩვენც არანაკლებ ბრძოლისუნარიანი გუნდი ვართ და იმედია, გამარჯვებას ჩვენ ვიზეიმებთ.
კმაყოფილი ვარ, რომ ამ შეკრებაზე გამოძახებული ძირითადი ბირთვი შეიკრიბა. იყო მცირეოდენი ცვლილებაც, მაგრამ რაც მთავარია, ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და ყველა იმედით ელოდება თამაშს“ - განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა წინასამატჩო პრესკონფერენციაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით.
შეგახსენებთ, რომ მატჩი თბილისის დროით 19:30 წუთზე დაიწყება და პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი განახორციელებს.
internet.ge