ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელი ფერნანდო ტორესი მახაჩყალას “ანჟის” მთავარი სატრანსფერო სამიზნე იქნება ამ ზაფხულს - მდიდარი რუსული კლუბი მზად არის 60 მილიონ დოლარამდე გადაიხადოს 28 წლის ფეხბურთელში, რომელსაც მოქმედი კონტრაქტი ინგლისელებთან 2016 წლამდე აკავშირებს.
მიმდინარე სეზონზე ტორესმა 37 შეხვედრაში მხოლოდ 6 გოლის გატანა შეძლო.
ესპანელის გარდა, “ანჟის” სახელგანთქმულმა მთავარმა მწვრთნელმა გუუს ჰიდინკმა, კლუბს “ჩელსის” კიდევ ერთი ფორვარდის, დიდიე დროგბას და “ტოტენჰემ ჰოთსპურზის” ტანმაღალი შემტევის ემანუელ ადებაიორის კანდიდატურაც წარუდგინა. ტორესის ტრანსფერის ჩავარდნის შემთხვევაში, მახაჩყალელებმა ამათგან ერთ-ერთი მაინც უნდა შეიძინონ.
შეგახსენებთ, რომ “ველური დივიზიის” (“ანჟის” მეტსახელი) მფლობელი რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი, ფედერაციის საბჭოს წევრი და ფინანსური ჯგუფის “ნაფტა-მოსკვას” მფლობელი სულეიმან კერიმოვია.
Internet.ge