ამერიკულ ტურნეში მყოფი საქართველოს ნაკრები თავის მეორე ტესტ-მატჩს 23
ივნისს, შაბათს გამართავს კანადის ნაკრებთან - კანადელთა მთავარმა მწვრთნელმა
კაირან ქროულიმ 7 ცვლილება გააკეთა სასტარტო შემადგენლობაში, მას შემდეგ, რაც მისი
გუნდი გასულ შაბათს იტალიასთან 16:25 დამარცხდა.
შეხვედრა პროვინცია ბრიტანული კოლუმბიის ქალაქ ბარნაბის “სვენგერდ
სთედიუმზე” გაიმართება და ორივე გუნდი გამარჯვებისათვის თავს დადებს, რადგანაც შედეგი
მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს მსოფლიო რეიტინგზე, სადაც ახლა კანადა მე-13
პოზიციაზეა, ხოლო საქართველო მე-15-ზე.
“ველით, რომ საქართველო მსგავს სტილში გვეთამაშება, როგორც იტალია. მათი
ბევრი მორაგბე საფრანგეთის პროფესიონალურ კლუბებში ასპარეზობს და ვიცით, რომ
ძალიან ძლიერი მორკინალები ჰყავთ. ისინი მაგრად დგანან შერკინებაში და ჩვენ
ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ამ კომპონენტში ღირსეულად ვეომოთ.
ხალხმა უნდა გაიგოს, რომ რაგბი საქართველოში ნაციონალური სპორტია და მათ
დიდი ფინანსური რესურსები და დახმარება აქვთ. 3-4 წელიწადში ისინი შეავიწროებენ
ისეთ გუნდებს, როგორებიცაა: სამოა, ფიჯი, ტონგა და კანადა…ეს არის გუნდი, რომელიც
მზად არის ასაფეთქებლად” - განაცხადა კანადელთა მთავარმა მწვრთნელმა კაირან
ქროულიმ ხვალინდელი ბრძოლის წინ.
შეგახსენებთ, რომ “ბორჯღალოსნები” ამერიკული ტურნეს პირველ ტესტ-მატჩში,
გასულ შაბათს დამარცხდნენ აშშ-ს ნაკრებთან 20:36.
Internet.ge