საქართველოს სპორტისა
და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერითა და ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, ფეხბურთში C კატეგორიის მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლებისა
და გადამზადების პროგრამა სრულდება, რომელსაც ესპანელი
სპეციალისტები უძღვებიან.
პროგრამის ფარგლებში, ჯამში 11 ესპანელი მწვრთნელის ხელმძღვანელობით 34 ქართველი
მწვრთნელისათვის თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები 7 მაისიდან მიმდინარეობდა.
გადამზადება C ლიცენზიის მქონე მწვრთნელებს ხელს შეუწყობს
უეფას B ლიცენზიის მისაღებად საჭირო გამოცდილებისა და ცოდნის შეძენაში.
მეცადინეობების სრული კურსის გავლის შემდეგ, ესპანელმა სპეციალისტებმა
- ფერნანდო გომეს კოლომერმა, ხაბიერ რუბიომ და ხოსე კასინიასმა 24 ივლისს მიხეილ მესხის
სახელობის სტადიონის საპრესკონფერენციო დარბაზში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. პრესკონფერენციას
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი, მისი მოადგილეები - დავით კასრაძე და დავით ნამგალაური, და ფეხბურთის
ფედერაციის პრეზიდენტი - ზვიად სიჭინავა დაესწრნენ.
"სწავლების პროცესმა კარგად ჩაიარა. დიდი მადლობა ჩვენს
ესპანელ მეგობრებს, რომელთაც ქართველი მწვრთნელები იმავე პროგრამით გაატარეს, რომლითაც
ესპანეთში ხელმძღვანელობენ. ეს იყო ექსპერიმენტის დონეზე და კარგი სარგებელი ვნახეთ;
ქართველმა მწვრთნელებმა ბევრი ისწავლეს და კვალიფიკაცია აიმაღლეს. C კატეგორიის ლიცენზირების
პროცესი სექტემბერში გაიმართება და იქ გამოჩნდება, რამდენად კარგად გავიარეთ ეს პროცესი,"
- განაცხადა ვარძელაშვილმა.
Internet.ge