ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ,
რომ მრავალწლიანი წინააღმდეგობის მიუხედავად, Skype-მა მაინც მისცა სამართალდამცავებს
მომხმარებელთა საუბრების მოსმენის საშუალება. თუმცა, სერვისის მიმწოდებლები ამ ინფორმაციას
უარყოფენ და აცხადებენ, რომ მსგავსი მოსმენის ტექნიკური საშუალება უბრალოდ არ არსებობს.
Skype მუდამ ირწმუნებოდა, რომ მისი „დაშიფვრის
ტექნიკა“ საშუალებას არ აძლევს სამართალდამცავებს, მოისმინონ სერვისის მომხმარებელთა
საუბრები. ეს იმას ნიშნავს, რომ თავად Skype-ის ხელმძღვანელთა სურვილის შემთხვევაშიც
კი მსგავსი მოსმენა შეუძლებელია.
მიუხედავად ამისა, მას შემდეგ, რაც Microsoft-მა
Skype 8,5 მილიარდ დოლარად შეიძინა, ცნობილი გახდა, რომ კომპანიამ „კანონიერი მითვისების“
ტექნოლოგიაზე პატენტი მიიღო, რათა ინტერნეტ-ტელეფონის მომსახურება გამოეყენებინა. ეს ტექნოლოგია იმ ინფორმაციის
ფარულად კოპირების საშუალებას იძლევა, რომელიც სატელეფონო კავშირის დროს გადაიცემა.
როგორც ტექნობლოგი Slate აღნიშნავს, შეუძლებელია
იმის დანამდვილებით თქმა, დაიწყო თუ არა Skype-მა ამ ტექნოლოგიის გამოყენება პოლიციისა
თუ სხვა სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის შესაბამისად. Microsoft-ის წარმომადგენლობამ
ამ კითხვაზე პირდაპირი პასუხისგან თავი შეიკავა, რაც მომხმარებლებისგან სიმართლის დამალვის
ეჭვს ბადებს.
გასული წლის მონაცემების თანახმად Skype-ში
663 მილიონი მომხმარებელია რეგისტრირებული.
Internet.ge